თუ `ბარსა~ აგებს, გარშემო ყველაფერი ინგრევა~



ინტერვიუ ოთარ ტატიშვილთან

მინაწერი: ნეიროქირურგი, ლექტორი და რადიოდიჯეი ოთარ ტატიშვილი განსაკუთრებით პოპულარული იუმორისტული სერიალის, `შუა ქალაქში~ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ გახდა. ასე ოთარ ტატიშვილმა ბავშვობის ოცნებაც აისრულა და მსახიობის ამპლუაში მოსინჯა ძალები. დებიუტი წარმატებული გამოდგა. დღეს ირაკლი ექიმს, რომელსაც ოთარ ტატიშვილი განასახიერებს ტელესერიალში, თითქმის ყველა იცნობს. მისი გმირის ცნობილი ფრაზები `დღეს დიდი დღეა, დიდი!~ და `ეხლა მოიცა!~ მაყურებლების ყოველდღიურ ლექსიკაში დამკვიდრდა. ოთარ ტატიშვილთან ინტერვიუ `ბათუმელებმა~ თბილისში, `არამიანცის~ საავადმოფოში ჩაწერა. 


ერთ კვირაზე მეტი დამჭირდა ოთარ ტატიშვილთან ინტერვიუს ჩასაწერად. ის ხან გადაღებაზე იყო, ხან _ რადიოში გადაცემა მიჰყავდა, ერთხელაც თამადა იყო ქორწილში. მაგრამ დადგა `დიდი დღე“ და ოთარ ტატიშვილმა არამიანცის საავადმყოფოში დაგვიბარა ინტერვიუსთვის. 
მის კაბინეტთან რიგი დაგვხვდა, ექიმი ოთარ ტატიშვილი თავის ტვინის ნეიროქირურგიულ გამოკვლევებს ატარებს და როგორც ჩანს, პაციენტების ნაკლებობას არ უჩივის. 
ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ ინტერვიუ შედგა, მაგრამ ექიმი დაღლილი იყო. საავადმყოფოში ცოტა რთული გახდა რესპონდენტის `გახსნა~, ამიტომაც პირველ კითხვებზე ძალიან ძუნწი პასუხები მივიღე. ვფიქრობდი, რომ ინტერვიუ არ გამომივიდა, მაგრამ ოთარ ტატიშვილი ნელ-ნელა გუნებაზე მოვიდა, ყველა კითხვაზე გულღიად მიპასუხა, ხოლო როცა საუბარი ფეხბურთსა და მის საყვარელ გუნდს, `ბარსას~ შეეხო, ისე აენთო, გული დამწყდა, რომ ფეხბურთში უფრო კომპეტენტური არ ვიყავი. 

_ ბატონო ოთარ, როგორ მოხვდით სერიალ `შუა ქალაქში~. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ პროფესიონალი მსახიობი არ ხართ.
_ ამ კითხვას ყველაზე ხშირად მისვამენ _ პირველი დღიდან მეკითხებიან. სერიალში სრულიად შემთხვევით მოვხვდი, ჩემი მეგობრები აკეთებდნენ პროექტს და ვიცოდი, რომ რაღაც როლი იყო, შემომთავაზეს. გავიარე კასტინგი. მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ აყვანილი ვარ. რადგანაც ბავშვობაში მსახიობობაზე ვოცნებობდი, გადავწყვიტე თავი ამ სფეროშიც მეცადა. 
_ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში სერიალში მოხვედრის შემდეგ. და თუ შეიცვალა, რა კუთხით და მოგწონთ ეს თუ არა?
_ ჩემს ცხოვრებაში რადიკალურად დიდი არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ უბრალოდ, ქუჩაში ხალხი მცნობს, მიღიმის, მირეკავენ. ვცხოვრობ ძალიან ჩვეულებრივად, ისე როგორც ნებისმიერი ადამიანი.
_ ბათუმში ამბობენ, რომ ერთ-ერთმა ბათუმელმა პაციენტმა თქვენთან კონსულტაციის შემდეგ იკითხა, ნამდვილი ექიმი როდის მოვაო. რამდენად მართალია ეს?
_ ვერ გეტყვით ის პაციენტი ბათუმელი იყო თუ არა, მაგრამ ასეთი შემთხვევა ნამდვილად მქონდა _ ეგონათ ფარული კამერა იღებდა და ნამდვილ ექიმს ელოდებოდნენ. ასეთი შემთხვევა არაერთხელ ყოფილა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, პაციენტები პირიქით _ მენდობიან და უფრო ცდილობენ ხოლმე ჩემთან მოვიდნენ. 
_ რა საერთო თვისებები გაქვთ თქვენ და სერიალის გმირს, ირაკლი ჩხეიძეს? 
_ პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ არც მე და არც ჩემი პერსონაჟი ცუდს არაფერს გააკეთებს, ანუ ბოროტება და მავნებლობა არის ნული. ირაკლისავით სულ მხიარული მე არა ვარ, მაგრამ მიყვარს ხუმრობა, ქეიფი, მეგობრებთან ერთად ყოფნა და დროსტარება, და ორივეს გვიყვარს ფეხბურთი, განსაკუთრებით ბარსელონა... ბევრი საერთო გვაქვს.
_ რამდენად სასიამოვნოა გადასაღებ მოედანზე მუშაობა?
_ გააჩნია მომენტს... იცით რა არის, უშუალოდ გადაღების პროცესი სასიამოვნოა, მაგრამ გადაღებისთვის მზადებას სასიამოვნო პროცესს ნამდვილად ვერ დავარქმევ, ძალიან რთულია, ჩვენ გადაღებას ორშაბათს ვიწყებთ და ოთხშაბათს ვამთავრებთ. 
_ სერიალის მსახიობებმა თუ იცით როგორ განვითარდება მოვლენები სცენარში? 
_ არა, ზოგადად ვიცით _ მხოლოდ მოკლე ფაბულა. სცენარის კონკრეტულ სიუჟეტებს ორშაბათს, გადაღების წინ გვეუბნებიან.  
_ ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვთ, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ამ ყველაფერს?  
_ ყოველი სამსახური ფინანსური უზრუნველყოფის წყაროა, ანუ ოჯახისთვის შემოსავალია. აქედან გამომდინარე ჩემი ოჯახის წევრებიც შეგუებულნი არიან იმას, რომ ასეთი დაკავებული ვარ და ცოტა დრო მრჩება მათთან დროის გასატარებლად. თუმცა, როცა სერიალში მუშაობაზე დავთანხმდი, არც კი ვიცოდი ანაზღაურება რამდენი მექნებოდა. ეს საქმე ძალიან მიყვარს, დიდ სიამოვნებას მანიჭებს. 
_ ის თუ გსიამოვნებთ, ასეთი ცნობადი რომ გახდით? 
_ ძალიან მიკვირს, როცა ამბობენ, რომ პოპულარობა აღიზიანებთ. როგორ შეიძლება გაღიზიანდე, როცა გიღიმიან, გეუბნებიან, რომ ძალიან უყვარხარ, გაბარებენ მოკითხვებს და გეუბნებიან რომ ძალიან კარგები ვართ. როცა ყველაფერ ამას ფინანსური მდგრადობაც ემატება, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია.
_ თქვენი აზრით, რამ განაპირობა ამ ტელესერიალის ასეთი მაღალი რეიტინგი? 
_ ამ სერიალის წარმატების უპირველესი საწინდარი ისაა, რომ თითოეული ჩვენგანი მთელი სულითა და გულით ვმუშაობთ სერიალზე. ორშაბათი დღიდან მე არც ექიმი ვარ, არც პროფესორი და არც რადიოწამყვანი, მაშინ მხოლოდ ირაკლი ჩხეიძე ვარ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, შედეგიანი იყოს ჩემ მიერ განსახიერებული როლი. ზოგჯერ ხელფასის დღე ისე მოდის, არც კი მაგონდება. ჩემთვის ის უფრო მთავარია, სერიალის გასვლის შემდეგ როცა დამირეკავენ, რას მეტყვიან... ფაქტია, რომ ხალხს მოსწონს. ვიცი, ეს სერიალი ბათუმშიც დიდი წარმატებით სარგებლობს. 
_ კიდევ ერთ პროფესია, რადიოგადაცემის წამყვანობა როგორ გამოგდით? 
_ გადაცემას, რომლის წამყვანიც მე ვარ, `ჯაზო-თერაპია~ ეწოდება. გადაცემა მთლიანად ჯაზს ეძღვნება. დედაჩემის დამსახურებაა, რომ ჯაზი მიყვარს, ექვსი წლის ასაკიდან ვუსმენ. ამ რადიოს დაფარვის ზონა თბილისი და მისი შემოგარენია. ჩემი გადაცემის რეიტინგი ოთხი პროცენტია და ვთვლი, რომ ეს საკმაოდ მაღალი რეიტინგული მაჩვენებელია ასეთი სპეციფიკური გადაცემის ფონზე. ეს გადაცემა უკვე სამი წელია მიმყავს და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში პრაქტიკულად ჯაზს არ იცნობენ. თუმცა, ერთგული მსმენელი მაინც მყავს. გადაცემას სათაურიც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე შევურჩიე, რადგან მუსიკას, ზოგადად, საკმაოდ დიდი თერაპიული თვისება აქვს. 
_ როგორია ოთარ ტატიშვილი როცა ბარსელონა თამაშობს მოედანზე?  
_ ოოოოოოო, საშინელი! თუ ბარსელონა თამაშს აგებს, გარშემო არის ნგრევა და მეორედ მოსვლა. მაგრამ, საბედნიეროდ, წელს საკმაოდ კარგი სეზონი გვაქვს. 
ერთი თვის წინ დათო ტურაშვილი ჩამოვიდა ბარსელონადან. მადრიდის `რეალის~ პარკი გადასაღებ მოედანზე გადმომცეს _ დათო ტურაშვილმა გამოგიგზავნაო. პარკს რომ დავხედე, გამიკვირდა, ვიკითხე `რეალის~ პარკი მე რატომ გამომიგზავნა-თქო. ჩავიხედე პარკში და ბარსელონაში, სპეციალურ მაღაზიაში შეძენილი კაშნე, ქუდი და `ბარსას~ სუვენირები იყო. ძალიან გამიხარდა....
_ ბათუმთან თუ გაკავშირებთ რამე? 
_ ბათუმში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ხშირად მიწევს ჩამოსვლა. ძალიან კარგი ფესტივალები იმართება, `მხიარულთა და საზრიანთა კლუბის~ დროს აქტიურად მიწევდა ამ ულამაზეს ქალაქში ყოფნა. ბათუმში ჩასვლა და ქეიფი მიხარია. თუმცა, ბათუმის ზღვაში არასოდეს შევსულვარ, საერთოდ არ მიყვარს ზღვა, არც უცხოეთში ყოფნის დროს დავდივარ ხოლმე ზღვაზე. ბათუმი ამ ბოლო დროს ძალიან გალამაზდა. მომიკითხეთ ყველა, ჩემი და თქვენი მეგობრები. ვინმე რომ არ გამომრჩეს, არ ჩამოვთვლი. თქვენს არაჩვეულებრივ ქალაქში ყველას წარმატებებს გისურვებთ. 

Комментарии

Популярные сообщения