წარმართული თუ ტრადიციული ლხინი სასაფლაოზე?! სულის დღესასწაულიდან კუჭის დღესასწაულამდე





ფერიის სასაფლაოს გზას მივუყვები. ასეთ ხალხმრავლობას ნამდვილად არ ველოდი. ხალხი დახუნძული მიდის საფლავებისკენ. შესასვლელში გავლა ჭირს. ამინდიც კარგია. აქ რამდენიმე ისეთ ადამიანს შევხვდი, ვინც დიდი ხანია არ მყავდა ნანახი. ისინიც ჯამ-ჭურჭლით და საზეიმო იერით შემეგებნენ. 

პირველივე საფლავთან შუახანს მიღწეული ხუთი მამაკაცი ღვინოს სვამს. ისინი სადღეგრძელოებს ამბობენ ხმამაღლა. შედარებით მცირე ტანის მამაკაცი დაიხარა და ღვინო საფლავს მოასხა, მას მეორე მიჰყვა. ასე გაიმეორა ყველამ. საფლავს რომ დავხედე, უკვე კარგად იყო დანამული.  
ვიცი, ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ღმერთი ალბათ მაპატიებს: თუ გამოუვალ მდგომარეობაში არ ვარ, სასაფლაოზე ყოფნა ჩემთვის სასჯელია. ჯერ ერთი, უზარმაზარი სურათები გარდაცვლილთა სახეებითა და გაცოცხლებული გამოხედვით შიშს მგვრის. ასეთი პომპეზური სასაფლაოები გარდაცვლილის მოსაგონრად მთლად მართებულად არ მიმაჩნია. სადღაც წავიკითხე, რომ ქართული სასაფლაოების სტილი კერპთთაყვანისმცემლურია. თუმცა მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არა ეს ყველაფერი, ჩემი ოჯახიც ასე იქცევა. 
საერთოდ, ტრადიციების ნაკლებად მოყვარული ვარ. ზოგის მიმართ შინაგანი პროტესტიც მიჩნდება. მაგალითად, სასაფლაოებზე ქეიფის გამართვა, ღვინის საფლავზე მოსხმა და მერე სხვა მკვდრების ახლობლების მოპატიჟება, მიცვალებულის შეურაცხყოფად მიმაჩნია. ამ ყველაფერს დაუმატე ანთებული სიგარეტის ჩარჭობა საფლავზე _ ერთ-ერთ საფლავთან ახალგაზრდა ბიჭმა გარდაცვლილი მამაკაცის საფლავზე სიგარეტი ჩაარჭო და დააყოლა: მოენატრებოდაო. მოენატრებოდა კი?! ცოტა ეჭვი მეპარება.
ფორუმზე ერთი ქალი წერდა: `ერთი კვირით ადრე იწყება ბჭობა და ნერვიულობა იმის თაობაზე, თუ ვინ ჩააწყობს წიწილას ბაჟეში, ხაჭაპურს სად შეუკვეთენ და ლობიანს ვინ გამოაცხობს. მიგვაქვს უზომო რაოდენობით საჭმელი და `2-3~ საათით სასაფლაოზე მიდის ჭამა-სმა. მე ამ დროს ისეთი სახე მაქვს, რომ ალბათ, ჩიკატილოს ვგევარ მისი საქმიანობის ზენიტში, მაგრამ ვერაფერს ვამბობ, იძულებული ვარ მივიღო მონაწილეობა~. 
ასეთ მდგომარეობაში ალბათ, არაერთი ჩვენგანი აღმოჩენილა _ ვაკეთებთ იმას, რაც არ მოგვწონს, რადგანაც ვერავინ ბადევს ხმამაღლა თქვას, რომ ესა თუ ის ტრადიცია თუ საბჭოთა გადმონაშთი მართებულად არ მიაჩნია. `ისე, როგორც მე ვიცი, არ შეიძლება უაზროდ სმა სასაფლაოზე. და, საერთოდ, აღდგომა სულის დღესასწაული უნდა იყოს და არა _ კუჭის. `ცოტა არ იყოს ძნელია, ეს შეაგნებინო ტრადიციულ, ქართულად მსმელ-მჭამელ ოჯახებს~ _ მითხრა ერთმა ნაცნობმა სასაფლაოზე.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა ამ დღეებში შეახსენეს მრევლს, რომ საფლავზე საკვებისა და სასმელის დატოვება არ არის საჭირო. არ გადააქციოთ სასაფლაო ბომჟების `სასაუზმედ~, _ მოუწოდებენ რმე-ის წარმომადგენლები. ბევრი ადამიანი ტოვებს საფლავზე საკვებს, ზოგიერთი კი _ ალკოჰოლსაც, რაც ქრისტიანული რელიგიისთვის მიუღებელია. 
რუსეთის ერთ-ერთი ეპარქიის ხელმძღვანელის, დეკანოზ ვიქტორის თქმით, `მორწმუნეები ღვთისმსახურების შემდეგ მიდიან სასაფლაოზე, რათა აღდგომის სიხარული გაიზიარონ გარდაცვლილთა ნათესავებთან ერთად. მაგრამ სასაფლაოზე არა მხოლოდ მორწმუნეები მიდიან. საბჭოთა პერიოდში მართლმადიდებლური წესები დაამახინჯეს: ზოგიერთს სასაფლაოზე პროდუქტი მიაქვს და იქვე ტოვებს. ეს ეწინააღმდეგება საეკლესიო ტრადიციას, დატოვებული პროდუქტი ხომ ანაგვიანებს კომპლექსს, ფრინველებისა და საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ ადამიანთა ყურადღებას იპყრობს, რასაც შედეგად სასაფლაოს წაბილწვა მოსდევს. ეს არ შეესაბამება აღდგომის დღესასწაულს, როგორც ტრაპეზი საფლავებზე~.
რა არის რელიგიურად გამართლებული და რა არა? ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ დეკანოზ მამა სერგის (რუხაძე):
`პატრიარქის დადგენილი კურთხევის თანახმად, ორშაბათს საფლავთან გასვლა მისაღებია. ეს არ არის გლოვის დღე, ეს დღესასწაულია. კვირას გასვლა შემორჩენილია კომუნისტური დროიდან, რადგან ხალხს ამ დღესასწაულს უკრძალავდნენ. სასაფლაოზე გასულებს კი არაფერს ეუბნენოდნენ, ასე შეინახეს ეს დღე. 
ხალხმა საფლავზე მხოლოდ სანთელი უნდა წაიღოს, სხვა არაფერი. მოლხენები და სუფრის გაშლა საფლავებთან არ შეიძლება, ეს წარმართული ტრადიციაა. და თუ ჩვენ გვსურს ჩვენი მიცვალებულისთვის რაიმეს გაკეთება, ჯობს ეს საჭმელები ღარიბ ხალხს დავურიგოთ და ვილოცოთ მათი სულებისთვის. ღვინის საფლავზე მოსხმით მათ ვერაფრით შევეწევით. 
ყველა არასწორი წესი, რაც ხდება, გამოიწვია ქრისტიანული წესების არცოდნამ და იმან, რომ რელიგია არ ისწავლებოდა, ეს თემა დახურული იყო. ხალხმა თავისით მოიგონა რაღაც, შექმნა ახალი უმსგავსო რამ, რომელსაც არც თავი აქვს და არც ბოლო. საიდან მოდის ეს ტრადიცია და ახლა რატომ კეთდება ეს ყველაფერი, ვერავინ გიპასუხებს. ძველი ტრადიციები კი დაიკარგა.
ცოდვა არ არის, მაგრამ კვირას საფლავზე გასვლას მაინც უნდა მოვერიდოთ~.

Комментарии

ნან написал(а)…
კოპალას ეს სტატია ძალიან ბევრ მკითხველს მოეწონა. ძაან საყვარელი ხარ კოპალ, მაგრამ ამ სტატიასთან დაკავშირებით ცოოოტა შენიშვნები მაქვს. ყავაზე მოგიყვები თუ გინდა : D
გოგო შენს გვერდით :)
kiss

Популярные сообщения