გაზეთი ბათუმელები რვა წლისაა




უკვე 8 თვეა, რაც `ბათუმელებში~ ვმუშაობ, აქ ყველაზე `პატარა~ ვარ. გაზეთში ჩემი ადგილის პოვნა არც ისე ადვილი იყო. ჯერ იყო და ბუნებრივ აირზე დავწერე თემა რედაქტორის დავალებით, მერე აირის ხარისხზე, მერე გამათბობელ აპარატებზე, რაზედაც სასამართლოში კინაღამ მიჩივლა ერთმა ფირმამ, თითქოს სარეკლამო კანონის დარღვევისთვის:) მერე შეშაზე გადავედი და ეს ზამთარი ასე `თბილად~ გადავიტანე:) პარალელურად ბანკებსაც `გადავეკიდე~ _ შავი სიები გამოვიკვლიე და ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი ადგილი ბიზნეს-ეკონომიკის რუბრიკებში აღმოჩნდა. 
`სტალინის~ ქუჩა, სადაც ჩვენი გაზეთის რედაქციაა, ძალიან მიყვარს, მიყვარს ერთი წითელი ნეკერჩხლის ხეც, ჩემი ფანჯრის პირდაპირ. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ მართლა ბედისწერაა, ის რომ დღეს აქ ვარ, ჩემი ფანჯრიდან ასეთი ხედია და ისიც, რომ ჩემი ადგილი სწორედ აქ აღმოჩნდა. ამიტომ მჯერა, რომ შენს ადგილს ვერავინ წაგართმევს ვერასდროს:) ოღონდ არა პოლიტიკაში.
`ბათუმელების~ დამსახურება ჩემს ცხოვრებაში მართლა დიდია. პირველი წარუმატებელი ნაბიჯები მახსოვს, როცა დამავიწყდა რესპონდენტისთვის რა უნდა მეკითხა… ახლაც მახსენდება მისი გაკვირვებული სახე:) ყველაზე ხშირად მავიწყდებოდა რესპონდენტის თანამდებობის ზუსტი დასახელების გარკვევა, ისე, ეს გუშინაც დამავიწყდა:)
ერთ დღეს სამსახურის შესასვლელთან მეგობრის მამა შემხვდა და მკითხა: აქ რას აკეთებო. ვუთხარი, რომ გაზეთში ვმუშაობ და ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ ვწერ. `სად გვაქვს ბიძია ჩვენ ეკონომიკა და ბიზნესი“, _ მკითხა გაოცებულმა. და ამის შემდეგ, როცა თემა არ გამომდის, დავდივარ და ვიძახი: სად გვაქვს ჩვენ ეკონომიკა და ბიზნესი ნათია, სად? ახლა ასე გამოდის, რაც არ გვაქვს, იმაზე ვწერ:)  
გუშინ 11 საათზე ნათია როყვამ, რომელიც ჩემ გვერდით, მესამე მაგიდასთან მუშაობს, `სკაიპში~ მომწერა, მე მივდივარ და შენ რას შვრებიო. ცოტა ვალოდინე, ბოლოს, როცა საქმეს ასე თუ ისე მოვრჩი და ჩაბნელებულ კიბეებს ჩავუყევით, ვთხოვე: `ნათ, ხვალ ერთი საათით ადრე მოვიდეთ, რა...“ გაუკვირდა-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ გამიღიმა და მითხრა, ახლა ვხედავ, რომ გიყვარს ის, რასაც აკეთებო. 
მახსოვს, როგორ გამიხარდა, როდესაც პირველად რედაქციაში ვიღაცამ დარეკა და მითხრა, რომ ჩემი სტატია მოეწონა. ეს ჩემთვის სტიმულია, რაც ძალას მმატებს, კიდევ ის, რომ ჩემი 4 წლის შვილი ისეთი ოვაციით ხვდება ოთხშაბათობით, როცა სახლში გაზეთს მიიტანენ, ვითომ ესმოდეს, შიგ რა წერია.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იცნობს, ვინც კითხულობს და ვისაც უყვარს ჩვენი გაზეთი. იმათაც, ვისაც ახსოვთ, რომ ის ოთხშაბათს გამოდის, მაგრამ არ კითხულობენ… და რაც მთავარია, ყველა ჩემს რესპონდენტს, რომლებიც დაუზარელად მპასუხობენ… 
კიდევ ბევრი რამე მიყვარს, მაგრამ ამაზე სხვა დროს… როცა ცხრა წლის გავხდებით, მერე გავაგრძელებ.

Комментарии

ჯონი написал(а)…
ძალიან მაინტერესებს თქვენი სტატიები და ვკითხულობ თითქმის ყველა მათგანს (შეძლებისდაგვარად, :)).ნათ ბლოგიც მშვენიერი გაგიკეთებია. შავი პრინცი მომიკითხე

Популярные сообщения