ვაკანსია _ როლები კინოფილმ `ცისკარაში~


იწყება თუ არა უწყლობა, კინოფილმი `ცისკარა~ მაგონდება. ტურიზმის შუქურად წოდებულ ქალაქში `წვიმის მოსვლა~ `წყლის წასვლას~ ნიშნავს, წყალი დაუდგენელ დროს და თანაც გაურკვეველი დროით წყდება. ქალაქში ამ დღეს ყველა კინოფილმის პერსონაჟებს ემსგავსება.
მაგრამ, ახლა, ანუ ზაფხულში, უფრო მძიმედ `ბოროტ დევს~ ტურისტები `ეწირებიან~ მსხვერპლად. უწყლობისგან პირის დაბანა სანატრელი უხდებათ, ვერც ზღვაზე გადიან…
სად უნდა წავიდნენ? _ ალბათ, კაფეში!
ბათუმის ერთ-ერთ პრესტიჟულ კაფეში უწყლობასთან ერთად სხვა პრობლემაცაა _ საპირფარეშოს კარებიც იკეტება. ტურისტების ცოდვით დავიწვი _ უნდა გენახათ, როგორ მონდომებით ცდილობდნენ ტუალეტის კარების გაღებას... მაგრამ კარები არ იღებოდა ერთ ტურისტს მეორე მიეშველა _ იდეა შესთავაზა: `პირიქით მიაწექი...~ თუმცა მცდელობამ ამაოდ ჩაიარა. 
საპირფარეშოს სახელურს იმდენი ადამიანი `ეჭიდავა~, ვიფიქრე, ხვალ გამოსაცვლელი იქნება-მეთქი.
`კულისებს მიღმა~ მდგარი ბარის მენეჯერი აღშფოთებას ვერ მალავდა _ წყლის მოსატანად გაგზავნილი მიმტანები არსად ჩანდნენ. `დევი~ შეხვდათ თუ თავსხმა წვიმაში უკან ვერ ბრუნდებოდნენ, არ იცოდა. ჩემს წარმოდგენაში ეს `გმირი მიმტანები~ ბადრებად (`ცისკარას~ პერსონაჟს ვგულისხმობ) იქცნენ _ ბარის დახსნა უნდოდათ უწყლობისგან. მართლაც, ბარში მალე ყავის მოსადუღებელი წყლის შოვნა გაჭირდა.
გულდაწყვეტილი წამოვედი ბარიდან. გარეთ საშინლად წვიმდა და ქუხდა.
საკუთარი ეზოც დევს დაუტყვევებია. გავიფიქრე, ეს რაღაც ახალია-მეთქი. მეზობლებს ჭურჭლები წვიმის წყლის გასავსებად ეზოში გამოეფინათ. `დაწინაურებული~ ჭურჭელი საწვიმრების ქვეშ იდგა, იქ წვიმის წყალი უფრო კარგად მოდიოდა. გული სხვასაც რომ არ დასწყვეტოდა ან არ გაბრაზებულიყო, `დაწინაურებულ~ ჭურჭელს გვერდს `მოადგილეები უმშვენებდნენ~. 
კიბეზე სანახევროდ ასულს მეზობლის ხმა შემომესმა: `როდემდე უნდა ვიცხოვრო ასეთ ქვეყანაში?! _ არ იცი, წყალს, შუქს, ინტერნეტს, ტელეფონს, როდის გაგითიშავენ~. 
ეგ არ იყო `ჩემი უიღბლობის~ დასასრული: სახლში მისულს სტუმრები წამდაუწუმ მეკითხებოდნენ _ `წყალი როდის მოვა, არ იცი?~ `პრესაში მუშაობ, ხომ უნდა იცოდე, წყალი როდის მოვა?~ არ ვიცოდი, შეწუხებული სტუმრებისთვის დამაიმედებლად რა მეთქვა. იმას ხომ ვერ ვეტყოდი, 2013 წლამდე წყლი როდის `მოვა ან წავა~, არ ვიცით-მეთქი. ბათუმის წყალკანალის უფროსობას რამდენჯერაც ვკითხეთ, წვიმის დროს ქსელში წყალი რატომ არ მოდის, იმდენჯერ გვითხრეს, ახალი სისტემის გაკეთება 2013 წელს დასრულდება, მანამდე კი... მოკლედ, მანამდე თუ გაწვიმდა, წყლმა ჭირი მოგჭამა. 
ამის მოსმენა ჩემი სტუმრებისთვის დიდი ვერაფერი ნუგეში იქნებოდა. არადა, მათთვის უკვე უამინდობა მეორე ხარისხოვანი გახდა. წყალი იყო პირველი. მზეზე უფრო წყალს ელოდნენ...
როცა დილით გაღვიძებულს, პირველივე წამში გამიელვა, წყალი კიდევ თუ არ არის, რა გვეშველება-მეთქი, ისეთი ხმაური მომესმა, შიშით წამოვდექი. წყალი მოსულიყო, ჰოდა, ჩემი გახარებული სტუმარი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ცოტა მოგვიანებით ვხედავ, ყველა ჭურჭელი წყლით არის სავსე. თადარიგი თურმე სტუმარმა დაიჭირა. დიდხანს ვუხსნიდი, ნუ წვალობ, მზე გამოვიდა და აწი წყალი აღარ წავა-მეთქი, მაგრამ აღარ დამიჯერა. `კაი და კიდევ წავიდეს ან ისევ გაწვიმდეს~, _ მითხრა უკვე გულდამშვიდებულმა, რომელსაც ყველა ჭურჭელი უკვე გავსებული ჰქონდა.
ეს წინა საუკუნის `მისტიკაზე~ აგებული ფილმის დასასრულია. უფრო ზუსტად, გაგრძელებაა 21 საუკუნეში. რომელიც იმედია, მალე დასრულდება. 

Комментарии

Популярные сообщения