სტეფანია NBA–ს შემდეგ.


NBA-ს ცნობილმა ქართველმა კალათბურთელმა, ვლადიმერ სტეფანიამ, ბათუმის `ბასკოს~ დარბაზში `კემპი~ ჩაატარა. ღონისძიება კალათბურთის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავდა მიზნად.


4 აგვისტოს `ბასკოს~ საკალათბურთო დარბაზში NBA-ს ყოფილმა ქართველმა კალათბურთელმა _ ვლადიმერ სტეფანიამ და მისმა კოლეგამ, ასევე NBA-ს ქალთა ლიგის ყოფილმა მოთამაშემ _ ბარბარა ტერნერმა რეგიონული `კემპი~ მოაწყვეს. შარშან სტეფანია ჩინეთში იყო, წელს კი თავის გამოცდილებას ქართველ ბავშვებს უზიარებს. კემპი პირველად გორში ჩატარდა, შემდეგ ბათუმში, ის ქუთაისსა და თბილისშიც გაიმართება.
კემპს ამერიკის შეერთებული შტატები ყველა ქვეყანაში მართავს. პროგრამას კი ცნობილი კალათბურთელები უძღვებიან.
`ბასკოში~ ვარჯიშის შემდეგ ბავშვებმა კალათბურთელებთან ერთად პიცა და კოკა-კოლა მიირთვეს, შემდეგ კი ისინი დააჯილდოვეს სიგელებითა და მაისურებით, რომლებზეც კემპის ორგანიზატორთა და ამერიკის საელჩოს ემბლემებია გამოსახული.
`ბათუმელები~ ვლადიმერ სტეფანიას ესაუბრა:
_ ამით ბავშვებს ბარბარასთან ურთიერთობის საშუალება მიეცათ. ბავშვები მოკლებულნი არიან ასეთ ღონისძიებებს. პროგრამა რეგიონებისთვის აუცილებელი იყო და ძირითადად მათთვის მომზადდა. საჭიროა ამ სფეროში ფული ჩაიდოს და ამით ვიღაც დაინტერესდეს. ასეთი ღონისძიებები ხშირად უნდა იმართებოდეს.
_ ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებას და ვინ არიან ორგანიზატორები?
_ საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა ბიურო და საქართველოში მოქმედი ამერიკის საელჩო. მათ ეხმარებიან საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტრო, ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა დეპარტამენტი და საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. ამ პროგრამაში NBA-დან თვრამეტამდე ადამიანია ჩართული.
_ თქვენ იყავით პირველი ქართველი, რომელმაც NBA-ს კარები შეაღო...
_ ჩენი ოჯახი ბათუმიდანაა, აქ არ ვიზრდებოდი, მაგრამ ხშირად აქ ვიყავი. 16 წლისა წავედი `ნორჩი დინამოელიდან~ და ბევრ ქვეყანაში ვითამაშე. 2002 წელს ვთამაშობდი ევროპაში, შემდეგ გადავედი NBA-ში. მე ვიყავი არა მარტო პირველი ქართველი, არამედ პირველი ევროპელი NBA-ში. მერჩივნა, დავრჩენილიყავი ევროპაში, იმავე `ბენეტონში~ მეთაშა, რადგანაც იქ ასჯერ უკეთესად ვითამაშებდი. დიდი დატვირთვა მქონდა, ბევრი ტრავმა მივიღე, დამიზიანდა ორივე მუხლი და კოჭი, სხეული ვეღარ უძლებდა, მაგრამ მაინც არ ვეშვებოდი. ორი წლის განმავლობაში ყავარჯნებით დავდიოდი. გავიკეთე შვიდი ოპერაცია. მინდა და მაქვს ამბიცია, რომ ქართულ კალათბურთს დავეხმარო.
_ აქვს ქართულ კალათბურთს მომავალი?
_ კი, რა თქმა უნდა. თუ ქართული სახელმწიფო შედგება, სპორტიც ეტაპობრივად განვითარდება. საქართველოში კარგი მოთამაშეების პოტენციალი ყოველთვისაა. ჩვენ კარგი მოთამაშეები გვყავს. პატარებში ზაზა ფაჩულიას გარდა კიდევ სამი კალათბურთელი გვყვავს, დანარჩენები დაიკარგნენ. უნდა შევეცადოთ და შევძლოთ ის, რომ ასეთი პოტენციალი არ დაიკარგოს.
_ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე ხომ არ გიფიქრიათ?
_ არა და არც შემოუთავაზებიათ. ისე, რომ შემოეთავაზებინათ, სიამოვნებით ვიფიქრებდი. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია მსოფლიოში. სპორტს განვითარებისთვის სტრუქტურული ცვლილებები სჭირდება. სპორტში ისეთი ხალხი უნდა მოვიდეს, ვისაც უყვარს და აინტერესებს იგი. ბათუმს რომ ჰყავდეს კარგი გუნდი, ჩვენ მას ისეთ პიარს გავუკეთებთ, რომ ხალხი სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვა კალათბურთის საყურებლად. ეს კი სპორტული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, შეიქმნება სამუშაო ადგილები.
_ ციფრი, რომელიც გეწერათ მაისურზე, თუ იყო მნიშვნელოვანი თქენთვის?
_ ჯერ სიესში 5 ნომერი მქონდა, შემდეგ ნიუ-ჯერსიში _ 50, ყველაზე მეტად 50 ნომერი მომწონდა და მომწონს. ყველაზე ცუდი სეზონი ნიუ-ჯერსიში იყო, სადაც ფეხი მოვიტეხე და მაიამში გავაგრძელე ამ ნომრით თამაში, თუმცა ვიცოდი, რომ ტექნიკის მხრივ კარგად არ მქონდა საქმე. იქიდან საბონისიმ 11-ნომრიანი მაისური დამიტოვა. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ნომერს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
_ ამჟამად რას საქმიანობთ და რა მიზნები გაქვთ სამომავლოდ?
_ ვსწავლობ ამერიკაში. ფინანსებისა და სპორტის ბიზნესის სპეციალობას ვეუფლები. ჯერ არ გადამიწყვეტია სწავლის დამთავრების შემდეგ რას გავაკეთებ. მინდა, ინდუსტრიული ბიზნესი დავიწყო. მოკლედ, ჩემი მიზანია მივიღო განათლება, შევქმნა ოჯახი, ვიპოვო კარგი სამუშაო და რაც შეიძლება ხშირად ჩამოვიდე საქართველოში.

Комментарии

Популярные сообщения