*******************************

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არც მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე... სულში.

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...
შენ ხარ - აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.

რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…

მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.

გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.

ოთარ ჭილაძე

Комментарии

კოპალა написал(а)…
ოთარ ჭილაზე მიყვარს . განსაკუთრებით რომანი "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"
Анонимный написал(а)…
buy tramadol buy tramadol 6914 - tramadol dosage overdose

Популярные сообщения