ესეც შენი პარიზი


ნეტა რას აიკვიატე, ყველაფერი სტერეოტიპების ბრალია, ყველაზე რომანტიული, ყველაზე ფრანგული, ყველაზე ყველაზეო და აჰა!

სასტუმროდან გასვლა მეზარება. ჰოლში ვზივარ, ვუყურებ ფრანგულად მოჟღურტულე გოგონებს, კლავიატურას ვაკაკუკებ და გელოდები როდის დაბრუნდები, რომ შთაბეჭდილებები გამიზიარო. ხომ იცი, პარიზზე არასოდეს მიოცნებია, არც ბერეტზე და ფრაგული ენის სწავლა კიდევ იმდენად შეუძლებელი მეჩვენება, რომ მომავალი წლის გეგმებშიც კი არ მაქვს. ადრე გითხარი მგონი, ძალიან რომ მომწყინდება ყველაფერი, ავდგები და ესპანური ენის სწავლას დავიწყებ მეთქი.

მაგრამ ეს პარიზია. ყველა ქალაქს აქვს თავისი მითები მგონი. პარიზის შესახებ ამბობენ, რომ აქ შეყვარებული უნდა იყო. არ ვიცი, ხარ შეყვარებული? მე მგონია, რომ პარიზის გარეშეც სულ შეყვარებული ხარ. შენ კი მეუბნები არაო, მაგრამ მაინც მგონია რომ კი.

ნეტა როგორი იქნებოდი, სულ ამ შენს პარიზში რომ გეცხოვრა? დილით ისაუზმებდი თბილი რძითა და კრუასანებით, ივლიდი შოფინგებზე, გეყოლებოდა შეყვარებული რაიმე ფრანგული, ჟღერადი სახელით და დახვეწილი, რბილი პროფილით, ისევ ისე გეყვარებოდა შავი, თეთრი და სისხლისფერი ტანსაცმელი და საღამოობით მაინც გაგკენწლავდა, რომ რაღაც ისე ვერ... ასე იქნებოდა?

არ ვიცი. შესაძლოა სულ სხვაგვარად. ისე არის შენში რაღაც გოთური. ადრეც მითქვამს ეს შენთვის? ამელი ნოტომს უნდა კითხულობდე, შავი ატლასის ზეწრებში უნდა გეძინოს და ვარდისფერ სიზმრებს ხედავდე. აქვს გოთიკას რაღაც მიმზიდველი იდუმალება.

მაგრამ რა დროს ეგ არის. გარეთ გაწვიმდა და მგონი ქოლგაც არ წაგიღია. ალბათ რომელიმე კაფეს შეაფარე თავი, კაპუჩინოს სვამ და სიტუაციის დრამატულობით ტკბები. იცი, მგონი ზამთარში უნდა ჩამოვსულიყავით აქ. ან გვიან შემოდგომაზე, როცა კაფეს ფანჯრიდან წვიმის ყურება და ტკბილი, ბლანტი კაპუჩინოთი სავსე ჭიქაზე ცივი თითების გათბობა უფრო მოსახერხებელია. ახლა ცხელა, მე კიდევ არ მიყვარს სიცხე, პარიზში ვარ და ბერლინის ცივ შემოდგომაზე ვფიქრობ.

წვიმა გადაღებას აპირებს. მალე დაბრუნდები, ამ პოსტს ნახავ და მკითხავ, რატომ ამდენი კითხივითი ნიშნებიო?

რა ვიცი აბა ნათ, შენთან კითხვითი ნიშნების გარეშე ძნელია.


Комментарии

კოპალა написал(а)…
მადლობა ნან, ასეთი ლამაზი პოსტითვის აღარ ვიცი მადლობა , როგორ გადაგიხადო, და ყველა დასმულ კითხვის ნიშანზე მეც გიპასუხებ პოსტით ,
პ.ს მადლობა , რომ ასე კარგად იცნობ ჩემს ოცნებებს და მე ,გამოდის ჩემი გაგება არც ისე ძნელია :*
მიყვარხარ გკოცნი
" დაიძინე, გაწვიმდე და გავისეირნე წვიმიან პარიზში..."
Taa написал(а)…
saocrad mominda dila parizshi
Tbili yava da kruasanebi
კოპალა написал(а)…
ღია ვერენდაზე თბილი რძიანი ყავა შოკოლადის და კარემელის კრუასანები ვანილის არომატით ...რა მაგარია არა :)))

Популярные сообщения